Tuesday, June 12, 2012

რომის რესპუბლიკის წყობა

   

რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია — რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. 

                                           




ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.


Friday, June 8, 2012






ფლავიუსების დინასტია 

ვესპასიანე და ტიტუსი 


ვერსპასიანის გამოსახულება მონეტაზე
ვესპასიანე აღიარეს როგორც სენატორებმა, ასევე ლეგიონერებმაც. მაგრამ იმპერიაში მშვიდობა ჯერ არ სუფევდა. იუდეაში აჯანყება გრძელდებოდა, აჯანყდა ასევე გალიაც და ქვემო გერმანიაც. 70 წელს, როდესაც იტალიაში სამოქალაქო ომი დასრულდა, რომის ლეგიონებმა ვესპასიანეს ვაჟის, ტიტუსის მეთაურობით აიღეს იერუსალიმი და დაანგრიეს ტაძარი. აჯანყება არნახული სისასტიკით ჩაახშვეს. იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ხოლო მოსახლეობა მონებად გაყიდეს. იუდეამ ამ დღიდან არსებობა შეწყვიტა. აჯანყებულების ბრძოლა კი კიდევ 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა.
გალიაში კი აჯანყებულებს სურდათ გალიის ცალკე იმპერიად ჩამოყალიბება. აჯანყებულთა ნაწილს რომთან ღია ომი სურდა, მაგრამ გალურმა არისტოკრატიამ მათ მხარი არ დაუჭირა. რომაელებმა აქაც ჩაახშეს აჯანყება, მაგრამ რეპრესიები არ ჩაუტარებიათ. რომაელი მხედართმთავარი პეტილიუს ცერეალისი გამოვიდა გალების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც იგი გალებს არწმუნებდა, რომ რომაელები მათი მტრები არ იყვნენ და მათ იმპერია ისევე ეკუთვნოდათ, როგორც რომაელებს. ამგვარად გალიაშიც მშვიდობა დამყარდა.
სენატს და ვესპასიანეს შორის თავიდანვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. სენატმა იმპერატორს იმხელა ძალაუფლება მიანიჭა რაც არცერთ მის წინამორბედს არ ჰქონია. მას შეეძლო უკვე არსებული კანონების გაუქმება. ამის გარდა ვესპასიანე ყოველ წელს ირჩეოდა კონსულად. ფლავიუსების ტახტზე ასვლიდან დაიწყო იმპერიის ოქროს ხანა.

კოლიზეუმი დღეს
ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში მოხდა პროვინციების რომანიზაცია. სენატორები ახლა არა მარტო რომაული წარმოშობის იყვნენ, არამედ პროვინციული არისტოკრატებიც. მეორე მხრივ ამან ლათინების გათქვეფა და მომდევნო გადაშენება გამოიწვია. ბევრ ესპანურ და გალურ ქალაქებს მან ლათინური და რომაული მოქალაქეობა უბოძა. ვესპასინემ გააუქმა ყველა ის პრივილეგია რაც ნერონმა ბერძნულ ქალაქებს უბოძა. მან ასევე იმპერიას შეუერთა როდოსი, კილია, ბიზანტიუმი, სამოსი, კილიკია და კომაგენა.
ვესპასიანემ რომში დაიწყო კოლიზეუმის მშენებლობა და აღადგინა კაპიტოლიუმი. მან შეძლო იმპერიის ეკონომიკის აღორძინება, საზღვრების გამაგრება და პართიასთან მშვიდობის შენარჩუნება. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა.

ტიტუსი
ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორი მისი უფროსი ვაჟი ტიტუსი გახდა. მას თანამედროვენი ძალიან დადებითად ახასიათებდნენ, მაგრამ მისი მმართველობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, რადგან 81 წელს იგი გარდაიცვალა. მისი მმართველობის დროს მოხდა საშინელი კატასტროფა, ვულკანმა ვეზუვიმ ამოხეთქა და გაანადგურა ქალაქები პომპეუსი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი.

დომიციანე 


დომიციანე
ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ პრეტორიანელებმა იმპერატორად მისი უმცროსი ძმა დომიციანე აღიარეს. იგი უფროს ძმას და მამას თითქმის არაფრით არ ჰგავდა, ხასიათის და ქცევებით იგი იულიუს-კლავდიუსების დინასტიის "სახელგანთქმულ" იმპერატორებს დაემსგავსა. მან ჯერ კიდევ გაპრინცეპსტებამდე გაიფუჭა სენატთან ურთიერთობა და ეყრდნობოდა მხოლოდ სამხედროებს. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა პოპულარობა პლებსში, რისთვისაც ხშირად აწყობდა ნაირნაირ სანახაობებს.
მისი მმართველობის პერიოდში შემოერთებულ იქნა გერმანიის სამხრეთ დასავლეთი, სადაც ვეტერანების კოლონიები შეიქმნა. დუნაის პირეთზე კი დაკების, მარკომანების და სარმატების ტომებმა სერიოზულად დაამარცხეს რომაელები, ომი 89 წლამდე გრძელდებოდა, სანამ დომიციანმა დაკების ბელადთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადო. ამ ხელშეკრულებამ რომაელების უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანეთში სამხედრო მოქმედებები წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ პროვინციებში მცირე აზიიდან კავკასიის მიმართულებით ექსპანსია ვერ განხორციელდა.
89 წელს ქვემო გერმანიის ლეგატი ანტონიუს სატურნინუსი იქაურმა ლეგიონებმა იმპერატორად აღიარეს, მაგრამ დომიციანმა მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა. 96 წლის შეთქმულებისას კი იმპერატორი მოკლეს. სენატორებმა ახალ იმპერატორად აირჩიეს ერთ-ერთი უხუცესი სენატორი მარკუს კოკციუს ნერვა.

ანტონინების დინასტია


ნერვა
ნერვას იმპერატორობის არჩევით ლეგიონერები და პრეტორიანელები უკმაყოფილონი დარჩნენ, ამიტომ მათ გადმოსაბირებლად მან იშვილა ზემო გერმანიის მმართველიმარკუს ულპიუს ტრაიანე. ამგვარად ჩამოყალიბდა იმპერატორთა მემკვიდრეობის ახალი ფორმა, პრინცეპსტობა უკვე არა მამიდან შვილზე ან უახლოეს ნათესავზე გადადიოდა, არამედ სენატის რჩეულზე, რომელსაც მოქმედი იმპერატორი იშვილებდა. ამგვარად ანტონიუსების დინასტიის წარმომადგენლები ერთმანეთის სისხლით ნათესავები აღარ იყვნენ. იმპერატორი არჩევის შემდეგ ფიცს დებდა რომ სენატის განაჩენის გარეშე სენატორს არ დასჯიდა სიკვდილით და მხოლოდ ამ პირობით დებდა სენატი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს.
ნერვამ ჩაატარა ახალი აგრარული რეფორმა, რომლითაც გაღატაკებულ მოსახლეობას დაურიგა მიწები, მისი მმართველობის დროს ასევე შეიქმნა „ალიმენტარული ფონდი“ ობოლ ბავშვთა მოსავლელად და აღსაზრდელად. 98 წელს ნერვა გარდაიცვალა.

ტრაიანე 

ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციალი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიასი იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო უმეტესად დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციალი არისტოკრატები ჭარბობდნენ.
მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი ასევე ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რაზეც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით და მომდევნო წელს მისი პროვინციათ ქცევით უპასუხეს. ამ გამარჯვების ღსანიშნავად ტრაიანმა ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.
109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ დაკოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს კი ტრაიანე სასომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციათ აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქიქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანმა ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება ატყდა არა მარტო დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიაში და კვიპროსზე. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს.

რომის იმპერია ტრაიანეს პრინციპატისას
117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.

ადრეანე 


ადრეანე
ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა პუბლიუს ელიუს ადრეანე. იგი კარგად ხვდებოდა რომ ჩაუხშობელი აჯანყებების ფონზე პართიასთან ომის გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ მან ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი ტრაიანეს ყველა დაპყრობაზე არაბეთის გარდა უარს ამბობდა. იგი წინამორბედისგან განსხვავებით ყურადღებას თავდაცვას უფრო უთმობდა. მის დროს ხდებოდა იმპერიის საზღვრებზე ციხესიმაგრეების და სხვა თავდაცვითი შენობების მშენებლობა.
აღმოსავლეთში დაპყრობებზე უარმა სამხედროებში უკმაყოფილება გამოიწვია. მოეწყო შეთქმულება, მაგრამ იგი გახსნილი იყო და იმპერატორმა შეთქმულნი სასტიკად დასაჯა. ამან სენატის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ახალი იმპერატორი დაპირდა სენატს რომ სასამართლოს გარეშე არავის არ დასჯიდა, რის შემდეგაც 118წელს იგი სცნეს იმპერატორად.
ადრეანე ბევრს ზრუნავდა ქალაქების კეთილმოწყობაზე. იგი ასევე ცდილობდა მოეგვარებინა კრიზისი, რომელიც ტრაიანეს აგრესიული საგარეო პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. მისი მმართველობის პერიოდში რომის საგარეო პოლიტიკა დამპყრობლურისგან თავდაცვითზე შეიცვალა. პროვინციებში აჯანყებების ჩახშობის შემდეგ მან დაიწყო სახელმწიფო და სასამართლო აპარატის გაძლიერება. მან ასევე სახელმწიფო ფოსტა შექმნა იმპერიის ცენტრსა და პროვინციებს შორის კომუნიკაციების გასაადვილებლად. პროვინციებში მმართველების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთათ მან პროვინციების კურატორების პოსტი შექმნა.

ქალაქ რომის გეგმა იმპერიის ეპოქაში
კრიზისი იყო ასევე სამხედრო სფეროშიც. რომის მოქალაქეებში სამხედრო სამსახური აღარ ითვლებოდა უწინდებურად პრესტიჟულად, ამიტომ მსურველებიც შემცირდნენ. ადრეანუსმა ეს პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ ლეგიონებში იღებდა არა მარტო რომის მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერ ტავისუფალ პროვინციელს. ამგვარად რომაულმა ლეგიონებმა დაკარგეს რომაული სახე, ლათინური ენა აქ მხოლოდ სამუშაო ენად დარჩა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა 132 წელს იუდეა ისევ აჯანყდა. ამ აჯანყების ჩახშობა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. დანგრეული იერუსალიმის ადგილზე აღმოცენდა რომაული კოლონია.ადრეანე 138 წელს გარდაიცვალა. იგი მავზოლეუმში დაკრძალეს, რომელიც დღემდე შემორჩა რომში.

ანტონინუს პიუსი 


ანტონიუს პიუსი
ადრეანეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა გალური წარმოშობის სენატორი ანტონინუს პიუსი. მისი მმართველობის პერიოდში რომაელმა ლეგიონერებმა ბრიტანეთში გადაკვეთეს ადრეანუსის სიმაგრეები და კუნძულის ყველაზე ვიწრო ზოლზე ააშენეს ანტონიუსის სიმაგრე. ამის გარდა ხდებოდა დაკების და გერმანელების აჯანყებების და საზღვრებზე თავდასხმების შეჩერება. ამის გარდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში რიგი მიწისძვრები და ხანძრები მოხდა. ხოლო 152 წელს ერთდროულად დაიწყო აჯანყება ეგვიპტეში, იუდეასა და აქაიაში, რომში კი შიმშილისგან ბუნტები დაიწყო.
ანტონინუსმა ალიმენტარული ფონდი გაზარდა. მან ასევე შეცვალა მონების მდგომარეობა იმპერიაში, ახლა მონის მკვლელობა უკვე თავისუფალი ადამიანის მკვლელობას გაუტოლდა, ხოლო თუ მონამ თავი ტაძარს ან იმპერატორის ქადაკებას შეაფარა, მაშინ იგი ძველ პატრონს აღარ დაუბრუნდებოდა.
მისი საგარეო პოლიტიკა ადრეანეს პოლიტიკისგან არ განსხვავდებოდა. ანტონინუსი161 წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა მისი შვილობილი მარკუს აურელიუსი.

მარკუს ავრელიუსი 


მარკუს აურელიუსის ქანდაკება
მარკუს ავრელიუსის პრინციპატის დასაწყისშივე დაიწყო პართიასთან ომი სომხეთის გამო. პართიელები შეიჭრნენ სასომხეთსა და სირიაში. 165 წელს რომაელებმა მოახერხეს პართიელების განდევნა და ჩრდილოეთ მესოპოტამიის დაკავება, მაგრამ ვერც ახლა ვერ მოახერხეს რომაელებმა დაპყრობილი მიწების შენარჩუნება. შუამდინარეთში დაიწყო შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც ლეგიონებშიც გავრცელდა. რომაელებს უკან დახევა მოუწიათ, მაგრამ ამასთან მათ შავი ჭირი აღმოსავლეთ და შემდგომ დასავლეთ პროვინციებშიც გადაიტანეს. 168 წელს პართიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლითაც ჩრდილოეთ მესოპოტამია რომის მფლობელობაში გადადიოდა. მაგრამ ამან მაინც ვერ აანაზღაურა ომის დანაკარგები.
167 წელს კი გერმანულმა ტომებმა გადმოლახეს დუნაი და დაიწყეს რომაულ პროვინციებში თარეში. მარკუს ავრელიუსმა გაილაშქრა მათ წინააღმდეგ 169 წელს. მან მოახერხა გერმანელების განდევნა, მაგრამ წინ ვეღარ წაიწია, რადგან აღმოსავლეთ საზღვრებზე ისევ დაიძაბა სიტუაცია. გერმანელების ტომებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. 172 წელს ეგვიპტეში დაიწყო მწყემსების აჯანყება. ამ აჯანყების ჩასახშობად მან სირიის მმართველი ავიდიუს კასიუსიგაგზავნა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი კასიუსმა განიზრახა მის ხელთ არსებული სამხედრო ძალის გამოყენება და გადატრიალების მოწყობა. ავრელიუსი პირადად გაემგზავრა ეგიპტეში აჯანყების ჩასახშობად. პირველივე ბრძოლაში კასიუსი დაიღუპა.
177 წელს კი გერმანულმა ტომებმა დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და გადმოვიდნენ იმპერიის ტერიტორიაზე. ავრელიუსი გაემგზავრა საომრად, მან წარმატებით განდევნა გერმანელები, მაგრამ 180 წელს ჯარში შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო, იმპერატორი ავად გახდა და მოკვდა. მისი სიკვდილით დასრულდა იმპერიის ოქროს ხანა.

კომოდუსი 


კომოდუსი 20 წლის ასაკში
მარკუს ავრელიუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორი მისი ვაჟი კომოდუსი გახდა. იგი ანტონინების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. საკუთრ მამას იგი არაფერში არ ჰგავდა. იგი მამის გარდაცვალებისას მასთან იმყოფებოდა. კომოდუსს უნდოდა სწრაფად დაემთავრებინა ომი და რომში დაბრუნებულიყო, ამისთვის მან სასწრაფოდ დადო სამშვიდობო ხელშეკრულება და გერმანელებს დიდძალი ფული მისცა მშვიდობის შესანარჩუნებლად.
რომში დაბრუნების შემდეგ მან მოაწყო მდიდრული თამაშები, რამაც ხაზინა მალე დააცარიელა. კომოდუსმა მისი შევსება მდიდრების ქონების კონფისკაციით სცადა, მაგრამ ქალაქში ისედაც საკვები პროდუქტების უკმარისობა იყო და ამით საქმეს ვერ უშველა. 189 წელს რომში შიმშილისგან ბუნტი ატყდა, რამაც პროვინციებში პლებს უბიძგა აჯანყებისკენ. განსაკუთრებით ფართო მასშტაბი აჯანყებამ გალიაში მიიღო. კომოდუსმა ჯარები გააგზავნა გალიაში და აჯანყება ჩაახშო.
მოგვიანებით რომში მოეწყო შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ და 192 წლის 31 დეკემბერს იგი მოკლეს.

სევერუსების დინასტია 

სამოქალაქო ომი 

მეორე საუკუნის მიწურულს რომის იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო, სამხედრო ძალა შესუსტდა და პოლიტიკური მდგომარეობაც არასტაბილური იყო. კომოდუსის მკვლელობის შემდეგ რომში იმპერატორად პერტინაქსუსი გამოაცხადეს, მაგრამ ნახევარ წელში იგი პრეტორიანელებმა მოკლეს, მათ თავისებური აუქციონი მოაწყეს, ვინც მეტს გადაუხდიდა, მას აღიარებდნენ იმპერატორად. ეს "აუქციონი" სენატორმა დიდიანუს იულიანუსმა მოიგო, მაგრამ იგი არ იყო ტახტზე ერთადერთი პრეტენდენტი. სირიაში პესცინიუს ნიგერმა, ბრიტანეთშიკლოდიუს ალბინუსმა, ხოლო პანონიაში სეპტიმიუს სევერუსმა გამოთქვეს იმპერატორიბაზე პრეტენზიები. ამ უკანასკნელის ლეგიიონებმა პირველებმა დაიკავეს რომი, სადაც პრეტორიანელებმა დიდიანუს იულიანე მოკლეს.

სეპტიმიუს სევერუსი 

  


სეპტიმიუს სევერუსმა დაითხოვა პრეტორიანელები და შემოირიგა ალბინუსი. ამის შემდეგ იგი ნიგერიუსის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელსაც იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციები ეკავა. მათ შორის ორი დიდი შეტაკება მოხდა, რომელშიც ნიგერიუსი დაიღუპა. მისი მხარდამჭერები პართიაში გაიქცნენ. ამ ამბების შემდეგ სეპტიმიუსმა პართიასთან დაიწყო ომი, ამავდროულად ალბინუსი აჯანყდა, რომელსაც გალიის და ესპანეთის არისტოკრატიამ დაუჭირა მხარი, მაგრამ რეინის არმია სევერუსის ერთგული დარჩა და დაამარცხა აჯანყებულები.
ამ გამარჯვების შემდეგ მან რომაელი არისტოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრა. კომოდუსი ღმერთად აღიარა, საკუთარი თავი კი მის ძმად, ხოლო მემკვიდრეებად თავისი ვაჟები გამოაცხადა. იგი აფრიკიდან იყო წარმოშობით. მისი მმართველობის პერიოდში სენატში აფრიკელი არისტოკრატია შევიდა. მან ასევე მრავალი პრივილეგია უბოძა აფრიკულ ქალაქებს.
პართიასთან ომი 4 წელი გაგრძელდა (195 - 198). ომის შედეგად რომაელებმა დაიპყრეს მესოპოტამია, ქალაქები სელევკია და კტესიფონი.
საზღვრების გამაგრების შემდეგ მან შინაურ საქმეებზე გადაიტანა ყურადღება. მან გაატარა სახელმწიფო მოწყობის რეფორმა, რის შედეგადაც იმპერატორი სენატისგან დამოუკიდებელი გახდა. შეიქმნა ფართო ბიუროკრატიული აპარატი, რომლის შიდა სტრუქტურიზაცია ძალიან მილიტარიზებული იყო. სახელმწიფო წყობა კიდევ უფრო მიუახლოვდა მონარქიას. სენატს არც კანონმდებლობის და არც მაგისტრების არჩევის უფლება აღარ დაუტოვა.
იტალიის პრივილეგირებული მდგომარეობისგან სხვა პროვინციებთან შედარებით პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. მან რეფორმები არმიაშიც ჩაატარა. ახლა სამხედროს შეეძლო იკვე ცოლის მოყვანა, თან რიგით ლეგიონერს შეეძლო მიეღწია ცენტურიონის პოსტისთვის, რაც უკვე მხედრის კლასს გაუტოლდა. პრეტორიანელებიც უკვე არა მხოლოდ იტალიელებისგან დგებოდნენ, არამედ ყველა ლეგიონების საუკეთესო მეომრებისგან. ჯარში ახლა არა მარტო რომის მოქალაქეები მიყავდათ არამედ პროვინციების მაცხოვრებლებიც და ბარბაროსებიც. ამ რეფორმებმა სამხედრო სამსახურის პრესტიჟი აამაღლა, მაგრამ ამავე დროს შეასუსტა ლეგიონები, რადგან ცოლიანი ლეგიონერები ნაკლებად მობილურნი იყვნენ.
გარდაცვალებამდე ცოტა ადრე იგი ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც რომაულ კოლონიებს ადგილობრივი ტომები ესხმოდნენ თავს. იგი იქ გარდაიცვალა 211 წელს.

კარაკალა 

სეპტიმიუს სევერუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორებად მისი ვაჟები მარკუს ავრელიუს ანტონინი (რომელიც ისტორიაში მეტსახელით კარაკალა შევიდა) და მისი ძმა გეტა გამოაცხადეს. 212 წელს კარაკალამ მოკლა გეტა და გაჟლიტა მისი მომხრეები.
იმპერიის მართვა მან დედინაცვალს მიანდო, ხოლო თვითონ დუნაის საზღვარზე გაემგზავრა, სადაც წარმატებით შეაჩერა გერმანული ტომების შემოტევა. ამის შემდეგ იგი სირიაში გაემგზავრა, საიდანაც გეგმავდა პართიასთან ფართომაშტაბიან ომს.
იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ჯერ კიდევ სეპტიმიუსმა დაიწყო ფულის გამოშვება, სადაც ოქრო და ვერცხლი ნაკლები იყო, მაგრამ ნომინალი იგივე, კარაკალამ ამის გამოყენება უფრო ხშირად დაიწყო, მაგრამ ამ ზომამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 212 წელს იმპერიის მთელმა თავისუფალმა მოსახლეობამ მიიღო რომის მოქალაქეობა, მაგრამ არც ამან უშველა საქმეს.
კარაკალა ისტორიაში თავისი სისასტიკით, სიგიჟით, გარყვნილობით და ვერაგობით შევიდა. 215 წელს მან ალექსანდრიელი ახალგაზრდობა ცირკში დაპატიჟა, სადაც მათი ამოწყვეტა ბრძანა. 217 წელს იგი ჯერ პართიის მეფეს მეგობრობას დაპირდა, შემდეგ კი ვერაგულად დაესხა ასურეთის რამდენიმე ქალაქს და გაანადგურა. იმავე წელს კარაკალა შეთქმულებმა მოკლეს.

მაკრინუსი და ელაგაბალუსი

კარაკალას მკვლელობის შემდეგ იმპერატორი გახდა შეთქმულების მეთაური, პრეტორიანელთა პრეფექტი მაკრინუსი. მან განახორციელა კარაკალას გეგმა პართიასთან ომის თაობაზე. ომში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ. მათ პართიას დაუთმეს ყველა სადავო ტერიტორიები და დიდი კონტრიბუცია გადაუხადეს. ამის შემდეგ მაკრინუსის პოპულარობა რომში ძალიან დაეცა. მის წინააღმდეგ შეთქმულება კარაკალას დედინაცვლის დამ იულია მესამ მოაწყო. იმპერატორი მოკლეს, მისი ადგილი კი მესას 14 წლის შვილიშვილმა მარკუს ავრელიუს ანტონინუსმა დაიკავა, რომელიც ეფესოში ღმერთ ელაგაბალუსის ქურუმი იყო. სწორედ ამ სახელით შევიდა იგი ისტორიაში.
ელაგაბალუსი ღმერთის ფანატიკური თაყვანისმცემელი იყო. ყოველდღიურად აწყობდა მსხვერპლთშეწირვის რიტუალებს, რაც რომისთვისაც უნახავი ორგიებით სრულდებოდა. 4 წლის მმართველობის შემდეგ ელაგაბალუსმა საყოველთაო სიძულვილი გამოიწვია. მის წინააღმდეგ შეთქმულება მისმა ბებიამ იულია მესამ მოაწყო და მის ადგილას მეორე შვილიშვილი, ალექსანდრე სევერუსი დასვა.

ალექსანდრე სევერუსი 


ბრინჯაოს მონეტა ალექსანდრე სევერუსის გამოსახულებით
ალექსანდრე ყველაფერში ჯერ თავის ბებიას იულია მესას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დედას უჯერებდა. მათი გავლენით მან სენატს დაუბრუნა უწინდებური პრივილეგიები. სამხედროებში კი იგი პოპულარობით არ სარგებლობდა.
231 წელს დაიწყო ომი სპარსეთთან. იმპერატორის დედამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იმპერატორი პირადად უხელმძღვანელებდა რომაულ ლეგიონებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იყო წარმატებული, ალექსანდრე მხოლოდ ხელს უშლიდა სამხედროებს. 232 წელს სპარსებმა შეუტიეს რომაელებს და განდევნეს სასომხეთიდან სირიაში. ბუნტის თავიდან აცილება იმპერატორმა მხოლოდ ჯარისკაცთა უხვი დასაჩუქრებით შეძლო. მიუხედავად აშკარა წაგებისა, ალექსანდრემ რომში ტრიუმფი აღნიშნა.
234 წელს ალექსანდრე გაემგზავრა გერმანულ საზღვრებთან, სადაც გერმანული ტომები ისევ თარეშობდნენ. მან მოახერხა არმიის შეკრება, მაგრამ დედამისს და მის მრჩევლებს სურდათ ომის თავიდან აცილება, რისთვისაც მათ გერმანელებს დიდძალი ფული გადაუხადეს. ამან ჯარში ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ 235 წელს ისინი აჯანყდნენ, იმპერატორი, დედამისი და ყველა დაახლოებული პირი ამოხოცეს. ასე დასრულდა სევერუსების დინასტიის მმართველობა და დაიწყო მესამე საუკუნის მწვავე კრიზისი.